20 მარტს ჩვენ სრულიად განვაახლეთ EGI პოლიტიკური კომპასი (ტესტი) – ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პოლიტიკური კომპასის ტესტი. სრულიად განახლდა ტესტის ალგორითმი, კითხვები, შედეგები და ტესტი მობილური ვერსიისთვის სრულიად ადაპტირებული გახდა.

ჩვენ ავარჩიეთ ხუთი ძირითადი თემა და ვეცდებით ამ თემებისადმი შენი დამოკიდებულება შევაფასოთ – ეკონომიკური, საგარეო, სამოქალაქო, საზოგადოებრივი და სოციალური პოლიტიკა. ყველა თემას გააჩნია ორი უკიდურესობა. ყველა თემა და მათი უკიდურესი გამოვლინება:

გეგმიური (ეკონომიკა)
რაც უფრო მაღალია თანასწორობის პარამეტრი, მით უფრო მეტად გჯერა, რომ ეკონომიკის მთავარი ამოცანა არის ეკონომიკური თანასწორობის მიღწევა. როგორც წესი, შენ მხარს უჭერ პროგრესულ გადასახადს, დიდ სახელმწიფო სოციალურ პროგრამებსა და ზოგადად, სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკას.

საბაზრო (ეკონომიკა)
ბაზრის მხარდამჭერები, როგორც წესი, სახელმწიფოს სწრაფ განვითარებას უჭერენ მხარს. ისინი ემხრობიან დაბალ გადასახადებს, პრივატიზაციას, დერეგულაციასა და ზოგადად, კაპიტალისტურ მოდელს, რომელშიც სახელმწიფოს როლი შეზღუდულია.

ანტიდასავლური (საგარეო)
ანტიდასავლურად განწყობილი ადამიანები ეწინააღმდებიან ან არარეალურად მიაჩნიათ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ხშირ შემთხვევაში, ისინი ითხოვენ უბლოკო სტატუსს, პროტექციონისტურ პოლიტიკასა და რუსეთთან პარტნიორობას.

პროდასავლური (საგარეო)
პროდასავლური ადამიანები საქართველოს მომავალს ხედავენ დიდ, ევროპულ ოჯახში. ისინი ემხრობიან საქართველოს ევროინტეგრაციას, ხოლო უსაფრთოხებისა და განვითარების აუცილებელ პირობად “NATO – ში“ გაწევრიანებას თვლიან.

თავისუფლება (სამოქალაქო)
სამოქალაქო თავისუფლების მხარდამჭერები თვლიან, რომ მათი ფუნდამენტური უფლებები სახელმწიფომ არავითარი საბაბით არ უნდა შეზღუდოს, ხოლო „უსაფრთხოების“ არგუმენტი პირად ცხოვრებაში ჩარევის, ცენზურის თუ სხვა ხერხების გამოსაყენებლად, არის საშიში ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა შეეგუოს.

კონტროლი (სამოქალაქო)
კონტროლის ქომაგებს სჯერათ ხელისუფლების ხელში კონცენტრირებული მაქსიმალური ძალაუფლების. ისინი თვლიან, რომ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ხელისუფლებას ჰქონდეს ძლიერი ხელი. მათთვის პირადი თავისუფლება და ინდივიდუალიზმი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც წესრიგი.

ტრადიცია (საზოგადოებრივი)
ტრადიციების ქომაგები ძალიან ფრთხილად, ხშირ შემთხვევაში კი უარყოფითად უყურებენ ნებისმიერ სიახლეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათთვის ტრადიცია და რელიგია არანაკლებ( ხშირ შემთხვევაში კი მეტად) მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ისინი პროტექციონისტურ პოლიტიკას ემხრობიან, ხოლო სტატუს კვოს ცვლილებას მხოლოდ ტრადიციების გაღრმავების შემთხვევაში უჭერენ მხარს.

პროგრესი (საზოგადოებრივი)
პროგრესის ქომაგებს სჯერათ ცვლილებისა და რაციონალურობის. ისინი თვლიან, რომ თანამედროვე სამყაროში წინსვლისთვის აუცილებელია სიახლეებთან სწრაფი ადაპტირება, ინოვაციურობა და მოქნილობა. მათ არ მოსწონთ ცრურწმენები და ტრადიციული შეხედულებები, რომლებიც აფერხებენ პროგრესს.

სოლიდარობა (სოციალური)
ამ ადამიანებს სჯერათ, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, რომ ისტორიულად წარმოქმნილი უთანასწორობა შეიცვალოს. ისინი ემხრობიან პოზიტიურ დისკრიმინაციას გენდერული, რასობრივი, სექსუალური თუ სხვა ტიპის დისბალანსების აღმოსაფხვრელად. ეს შეიძლება მოიცავდეს გენდერულ ან სხვაგვარ კვოტირებას საკანონმდებლო ორგანოებში და ა.შ.

ბუნებრივი გადარჩევა (სოციალური)
ამ ადამიანებს სჯერათ, რომ სახელმწიფოს ფუნქცია არ არის დისბალანსისა და უთანასწორობის შეფასება ან აღმოფხვრა. ისინი თვლიან, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას არ გააჩნია ამის უნარი და უფლება. ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს საკუთარ განვითარებასა და თვითრეალიზებაზე, არ დააჩაგრინოს სხვას თავი და დაიმკვიდროს ადგილი საზოგადოებაში. კონკურენცია არის უმთავრესი პრინციპი და სახელმწიფო მას არ უნდა შეეხოს ზოგიერთი ჯგუფისადმი „სოლიდარობის გამო“.

კომპასის (ტესტის) გავლა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.