საწყის გვერდზე დაბრუნება

ილია ჭავჭავაძე და „თვითმოქმედების“ პრინციპი

სანამ უშუალოდ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ საქმიანობათა აღწერაზე გადავალთ, ის უნდა განვიხილოთ თუ რა მსოფლმხედველობრივი საფუძველი ჰქონდა მის, თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, სამოქალაქო აქტივიზმს. ზოგადად, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების აუცილებლობა იქიდან გამომდინარეობს, რომ მთავრობას, თუნდაც წარმომადგენლობითს, არ ხელეწიფება საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველი ასპექტის ორგანიზება. უფრო მეტიც, ხანდახან მთავრობის სხვადასხვა სფეროში ჩარევა შესაძლოა დამაზიანებელი ან უფრო მეტიც, საფრთხის შემცველი იყოს. ამასთანავე, მოქალაქეობრივად აქტიური საზოგადოება წარმოადგენს მთავრობის მნიშვნელოვან შემზღუდავ და მაკონტროლებელ ძალას. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ თავისუფალი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება თავის თავში მოიაზრებს მრავალი განსხვავებული დებატის არსებობას ქვეყნის პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის შესახებ – სწორედ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების პირობებშია შესაძლებელი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება.

ილია ჭავჭავაძეს შეხედულებები სამოქალაქო აქტივიზმის აუცილებლობის შესახებ ზემოთწარმოდგენილი მსჯელობიდან შორს სრულიადაც არ დგას. რასაც დღეს სამოქალაქო აქტივიზმს ვუწოდებთ, ილია „თვითმოქმედებას“ ეძახდა. მის ლიტერატურაში ყველაზე „თვითმოქმედი“ პერსონაჟი ოთარაანთ ქვრივი უნდა იყოს, რომელიც თავისი შრომით სულდგმულობს, სხვებსაც ეხმარება და საკუთარი უფლებების დასაცავად გუბერნატორამდეც კი მიდის. ეს საკითხი შედარებით ფართოდ აქვს განხილული ილია ჭავჭავაძეს მის პუბლიცისტურ წერილში „თვითმოქმედებისთვის“. აქ ავტორი ჯერ ინდივიდზე მსჯელობს – თუკი ადამიანი საკუთარ თავს ვერ ინახავს და სხვებზეა დამოკიდებული, მაშინ იგი „გადადებულია უფრო სასიკვდილოდ, ვიდრე სასიცოცხლოდ“ ; შემდგომ კი ავტორი ამბობს, რომ იგივე მსჯელობა ერგება რომელიმე ცალკე აღებულ წოდებასა თუ მთლიანად საზოგადოებას. ეს პუბლიცისტური წერილი თავად-აზნაურთა წოდების კრიტიკაა, რომლებიც, ილიასავე სიტყვები რომ გამოვიყენოთ : „დაიკრებს ხოლმე გულზედ ხელებსა და წუწუნებს, ვაი რა მეშველება, არავინ არა მშველისო“. კონკრეტულად, ილიასთვის მიუღებელია თავად-აზნაურთა პასიურობა განათლების საკითხში და მსჯელობისას ამბობს : „აქაოდა მთავრობას სკოლები და სასწავლებლები აქვსო სხვათა შორის ჩვენთვისაცო, და იმას-კი აღარ ჰფიქრობენ, რომ მთავრობა ვერ გასწვდება, ძალიანაც მოწადინებული რომ იყოს, მთელს იმ სიდიდე საჭიროებას, როგორიც ქვეყნის სწავლა-განათლებაა. აქ უეჭველად თვითონ ერის, საზოგადოების თაოსნობა და შველაც უნდა.“ შესაბამისად ეს წერილი მოწოდებაა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთმა წოდებამ, თუმცა უფრო ზოგადად მთლიანად საზოგადოებამ, გარკვეული პრობლემების გადაჭრაზე თავადვე უნდა იზრუნოს და მთავრობის შველის მოლოდინში არ უნდა იყოს. მისი ეს დამოკიდებულება კი იმ ზოგადი რწმენიდან გამომდინარეობს, რომ „ამაზედ უარესი სენი[უმოქმედობა, სხვაზე დამოკიდებულება] ჩვენ არ ვიცით, რომელ წოდებასაც, თუ საზოგადოებას, ეს სენი ჩასჯდომია გვამსა და აგებულებაში, ფუტურო ხესავით დღედადღე იფხვნება და პირქვე დასამხობლად გამზადებულია და გადადებული : თავოსნობას მუხლი ეჭრება, თვითმოქმედებას, გამრჯელობას და მხნეობას – ამ დედაბოძებს წარმატებისას -ძირი ულპებათ.“

აქვე, უნდა გავიხსენოთ, რომ ილია ჭავჭავაძეს წერა მძიმე ცენზურის პირობებში უწევდა, შესაბამისად ანტი-სამთავრობო მოწოდებას მის სტატიაში ნაკლებად უნდა ველოდოთ. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია განვზოგადდეთ და გავიხსენოთ, რომ რუსული მთავრობის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო დაწესებულებებში რუსიფიკატორული პოლიტიკაც ტარდებოდა – ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტულ სფეროში მთავრობის ჩარევა საფრთხის შემცველი რამაა, შესაბამისად ქართველთა „თვითმოქმედება“ განათლების სფეროში მთავრობასთან შეწინააღმდეგების, მის პოლიტიკასთან დაპირისპირების მეთოდადაც შეგვიძლია აღვიქვათ. აქედან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძისთვის „თვითმოქმედება“, ანუ საკუთარი თავის გატანა, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და აქტიურად მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოსაწონია ერთი მხრივ იმიტომ, რომ სწორედ ასეთ მდგომარეობაში ხარ ჭეშმარიტად ცოცხალი(„მოძრავი თერგი“), მეორე მხრივ კი იმიტომაც, რომ ეს მთავრობის მაკონტროლებელი და შემაკავებელი მნიშვნელოვანი ბერკეტია.

სარჩევი

სტატია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობა“ შექმნილია ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს – რატი კობახიძეს – და შეიძლება არ გამოხატავდეს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხედვებს.
Creative Commons License
სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported ლიცენზიით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.