საწყის გვერდზე დაბრუნება

პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში – „წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“

ცალკე უნდა გამოიყოს და აღინიშნოს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. თანამედროვე გადმოსახედიდან,  ეს იყო პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი შექმნის იდეა ჯერ კიდევ 60-იან წლებში გაუჩნდათ ილია ჭავჭავაძეს, გრიგოლ ორბელიანსა და დიმიტრი ყიფიანს. საზოგადოების ჩამოყალიბება მხოლოდ 1879 წელს მოხერხდა. მის პირველ თავმჯდომარედ დიმიტრი ყიფიანი აირჩიეს, ილია ჭავჭავაძე კი მის „ამხანაგად“ (მოადგილედ) დაასახელეს, 1885 წლიდან კი ილია ჭავჭავაძე ამ საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს და სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ თანამდებობაზე დარჩა.

საზოგადოების უმთავრესი ამოცანა სოფლებსა და ქალაქებში ქართული სკოლების გახსნა იყო, სადაც სწავლება უშუალოდ ქართულ ენაზე იქნებოდა. როგორც აღვნიშნეთ, საზოგადოებას ფინანსურ დახმარებას საადგილმამულო ბანკი უწევდა. წინააღმდეგობას ილია აქაც ხვდებოდა, ვინაიდან თავადაზნაურთა ნაწილისთვის გაუგებარი იყო, მათი ფულით დაარსებული ბანკი რატომ უნდა დახმარებოდა ორგანიზაციას, რომელიც მომსახურებას (განათლების მიწოდება) გლეხობას უწევდა. ამაზე ილიამ საკადრისი პასუხი გასცა კიდეც: „ჩვენი უბედურება ის ყოფილა, არის და ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ იყოს, რომ ყველა ქართველი, გლეხია თუ თავადი, ძმად და შვილად არ მიგვაჩნია. ზემოხსენებულ საზოგადოებას სახეში აქვს მთელი ქართველობა, თავად-აზნაურობა კი გამოსულა და იძახის, მეო და არა სხვაო“[1].

სკოლები გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სვანეთში, გურიაში, სამეგრელოში, კავკავში, წანარებში, დიდ თოხნეთში, ხელთუბანში, გომარეთში, მოგვიანებით გერგეთში, სოხუმში, თელავში, ატენში, აგრეთვე ბაქოში.  საზოგადოების ფუნქცია არა მხოლოდ სკოლების დაარსება, არამედ საკუთარი წინგთსაცავის შექმნაც იყო, რასაც ილია დიდი ყურადღებით ეპყრობოდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“. საზოგადოებამ გახსნა არაერთი სახალხო ბიბლიოთეკა და სამკითხველო. შესაძლოა ითქვას, რომ პირველმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმატებით შეასრულა საკუთარი მოვალეობა და ხალხისთვის განათლება იმაზე გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახადა, ვიდრე იქამდე იყო.

ილია ჭავჭავაძის როლი ამ ორგანიზაციის დაფუძნებასა და შემდგომ წარმატებულად ფუნქციონირებაში განსაკუთრებით დიდია. ისიც უნდა ითქვას, რომ ანდერძის მიხედვით, მთელი მისი ქონება სწორედ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებ საზოგადოებას“ გადაეცა (შარაძე, ილია ჭავჭავაძე – ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება 1987).

შენიშვნები

[1] გურამ შარაძე, “ილია ჭავჭავაძე“ (თბილისი, 1987) გვ. 310

სარჩევი

სტატია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობა“ შექმნილია ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს – რატი კობახიძეს – და შეიძლება არ გამოხატავდეს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხედვებს. Creative Commons License
სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported ლიცენზიით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.