საწყის გვერდზე დაბრუნება

გაზეთი ივერია

70-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა ბანკის შემდგომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროექტს – გაზეთ „ივერიას“.  „ივერია“ ილიასა და გაზეთ „დროების“ სარედაქციო ჯგუფს, კერძოდ,  ნიკო ნიკოლაძეს შორის არსებული დავის შედეგად ჩამოყალიბდა[1]. ნიკო ნიკოლაძე განსაკუთრებული იმედით არც შეჰყურებდა ილიას ახალ წამოწყებას და მიიჩნევდა, რომ იგი ახალ გაზეთს ბანკის საქმეებში საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ქმნიდა (ჯოლოგუა 2013). „ივერიამ“, რომელმაც ილიას რედაქტორობით იარსება 1902 წლამდე (ილიას შემდგომ მისი არსებობა გაგრძელდა 1906 წლამდე), დაამტკიცა, რომ ის მხოლოდ ერთი ადამიანის განკერძოებული ინტერესების სასარგებლოდ არ შექმნილა. „ივერია“ თავისი არსებობის ხანგრძლივ პერიოდში განსხვავებული ფორმატით გამოიცემოდა. პირველად იგი 1877 წელს გამოჩნდა და 1877-1878 წლებში გამოდიოდა ყოველკვირეულ გაზეთად. 1879-ში გადაკეთდა ყოველთვიურ ჟურნალად; ამავე წელს „ივერიისა“ და „დროების“ რედაქციები გაერთიანდა, „ივერია“ სამთვიან ალმანახად იქცა, ხოლო „დროება“ კვლავ ყოველდღიურ გაზეთად დარჩა. 1881-1885 წლებში „ივერია“ ყოველთვიურ ჟურნალად ბრუნდება. 1885 წელს „დროება“ – საქართველოში ერთადერთი ყოველდღიური გაზეთი დაიხურა. ილია ჭავჭავაძემ სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება და „დროების“ დახურვით გათავისუფლებული, თუმცაღა ქართველთა საჭიროებისთვის აუცილებლად შესავსები ნიშა მალევე დააკავებინა თავის „ივერიას“ და 1885 წლიდან მოყოლებული ის ყოველდღიურ გაზეთად გამოდიოდა (ჯოლოგუა 2013).

„ივერიის“ მნიშვნელობა და როლი კარგადაა ასახული ილიას წერილში, რომელიც წინასიტყვაობად დაერთო გაზეთის პირველ ეგზემპლიარს. ჟურნალ-გაზეთობის მთავარი ფუნქცია ცოდნის გავრცელებაა – ეს ფუნდამენტური მოსაზრება ილიას „საქართველოს მოამბის“ და მის შესახებ დაწერილი წერილის შემდგომ არ შეუცვლია და „ივერიის“ წინასიტყვაობაშიც იმეორებს: „აქ (საქართველოში) უპირველესი მოვალეობა ჟურნალ-გაზეთობისა სწავლისა და ცოდნის გავრცელება უნდა იყოს, მან უნდა ფეხი აუდგას თვითმოქმედების ძალსა, მან უნდა აღადგინოს გონებითი და ზნეობითი ნიჭი“[2].  ამ ციტატიდან გამომდინარეობს, რომ გაზეთი „ივერია“ მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებას ან მიმდინარე პროცესების გადმოცემას არ ემსახურება, მისი მოვალეობა კონკრეტული ხედვების, იდეების პოპულარიზება, ხალხის – ანუ საზოგადოების აღზრდა და მათთვის თვითმოქმედების, ანუ აქტიურად ცხოვრების საშუალების მინიჭებაა. აქვე ილია ჟურნალ-გაზეთობას „ერთს უდიდეს სასწავლებელს“ უწოდებს, „რომლის მეოხებითაც უნდა აღორძინდეს, აღიზარდოს, დაფუძნდეს და გამშვენიერდეს საზოგადოების აზრი და რწმენა“[3]. ამ სასწავლებელმა კი „როგორიც უნდა იყვეს ცხოვრება, ძლიერი თუ უძლური, მაღალი თუ მდაბალი, ჟურნალ-გაზეთმა უსათუოდ თვალი უნდა დააკვირვოს, უნდა შეისწავლოს, უნდა განმარტოს. იმიტომ, რომ ადამიანები განა მარტო მაყურებელნი არიან ცხოვრებისა, არამედ მომქმედნი პირნიცა. ცხოვრება არის თითონ ამ პირთა ქმნილება, ამ პირთა ნამოქმედარი და ჭირნახული“[4].  მარტივად რომ ითქვას, ჟურნალ-გაზეთების, ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად „ივერიის“ ფუნქცია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობა უნდა იყოს.

„ივერიის“ ფურცლებზე იბეჭდებოდა როგორც მნიშვნელოვან ავტორთა ლიტერატურული ნაშრომები (მათ შორის, ვაჟა-ფშაველასი), ასევე სხვადასხვა პუბლიცისტური წერილები პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებზე. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუბრიკა „საშინაო მიმოხილვა“, სადაც იმ პერიოდში ქვეყნის შიგნით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები იყო არა მხოლოდ აღწერილი, არამედ განხილული და გაანალიზებულიც. ასევე, ვფიქრობ, ცალკე გამოსაყოფია წერილები უცხოეთის ამბების შესახებ. თერგდალეულთა თაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი ქართულ ეროვნულ ნარატივში ევროპელობასთან ასოცირების ჩადება და გამყარება იყო. იმით, რომ „ივერიის“ მკითხველნი მუდმივად ეცნობოდნენ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ხელი ეწყობოდა სწორედ ამ შეგნების განმტკიცებას.

 

ილია ჭავჭავაძე, „ივერია“ და აჭარა

უნდა აღინიშნოს ილიასა და “ივერიას“ მნიშვნელოვანი როლი აჭარაში მიმდინარე პროცესებში. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ აჭარის მხარე შემოიერთა, დადგა საფრთხე იმისა, რომ აქ მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა  განსხვავებული რელიგიის გამო ვერ მოახერხებდა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებას. ეს დაუშვებელი იქნებოდა ილია ჭავჭავაძის გადმოსახედიდან. სწორედ ამიტომ, იგი წერს დიდი მნიშვნელობის მქონე პუბლიცისტურ წერილს „ოსმალოს საქართველო“, სადაც ამბობს: „ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა“[5] და იცავს იმ მოსაზრებას, რომ რელიგიური სხვადასხვაობა ეროვნული ერთობის შემაბრკოლებელი ფაქტორი არ უნდა გახდეს. აჭარის ინტეგრაციის საკითხში მისი მოღვაწეობა მხოლოდ პუბლიცისტიკით არ ამოწურულა. 1879 წლის შინაურ მიმოხილვაში ილიამ დაწერა, რომ აჭარის მოსახლეობა უკიდურესი გაჭირვების პირობებში არსებობს და მოუწოდა ქართველ საზოგადოებას მათთვის დახმარების ხელი გაეწოდებინათ – ამ მოწოდებამ შედეგი გამოიღო. საქველმოქმედო ღონისძიებას სერგეი მესხიმ, დროების რედაქტორმა, უხელმძღვანელა და აჭარლებს არაერთგზის ჩაუტანა ხალხის მიერ შეგროვებული ფული და სხვა რესურსები. ასევე, ილიას დაუღალავ შრომას მიეწერება ისიც, რომ 1881 წელს ბათუმში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ პირველი სკოლა გაიხსნა. აქ პირველ მასწავლებლად დაინიშნა ალექსანდრე ნანეიშვილი, რომელიც შემდგომში ცნობილი მოღვაწე და პედაგოგი გახდა.  ამ სკოლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აჭარის მოსახლეობის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში. 1895 წელს ილიას პირდაპირი მხარდაჭერით ბათუმის ქალაქის თავად არჩეულ იქნა ლუკა ასათიანი, მისი გარდაცვალების შემდგომ კი ივანე ანდრონიკაშვილი. ორივე ეს ადამიანი ბათუმისა და აჭარის ისტორიაში დადებით პიროვნებებად არიან შესულნი (შარაძე, ილია ჭავჭავაძე – ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება 1987).

ილია ჭავჭავაძის სოციალური შეხედულებანი

ივერიის ფურცლებზევე ილია ჭავჭავაძემ ჩამოაყალიბა თავისი შეხედულება სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ამ პერიოდში საქართველოში ნელ-ნელა ვრცელდებოდა მარქსისტული შეხედულებები კლასთა შორის დაპირისპირების შესახებ. იქამდე კი საქართველოში რუსეთიდან აქტიურად იყო შემოსული ნაროდნიკული ხედვები, რომელიც გლეხთა და თავადთა შორის არსებულ აუცილებელ უთანხმოებაზე იყო დამყარებული. წერილების სერიაში „ცხოვრება და კანონი“ ილიამ ჩამოაყალიბა წოდებათა შორის სოლიდარობის თეორია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უნიკალური გამოცდილება გულისხმობდა იმას, რომ თავადებსა და გლეხებს შორის აშკარა და პირდაპირი, პიროვნული უთანხმოება არ არსებობდა. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ილია ჭავჭავაძე თავადაზნაურობის იდეოლოგიის გამტარებელი გახდა, პირიქით, იგი ბოლომდე რჩებოდა გლეხობის დამცველად, თუმცაღა მისი შეხედულებით, „ჩვენ იმაზედა ვართ დამყარებული, რომ წოდებათა შორის უფლების ცილება, ეკონომიკური თუ პოლიტიკურისა, ცილება- რომელიც უაღრესი მიზეზი იყო დაუძინებელის განხეთქილებისა სხვა ქვეყნებში, ჩვენში არ არსებობდა. ამიტომაც არც ზნეობით, არც აზრით, არც გრძნობით, არც მიმართულებით და არც ჩვეულებით, ჩვენი თავად-აზნაურობა არ დაჰშორებია გლეხობას, არ შეუკეტნია თავი, თავისი საკუთარი ინტერესები არ შემოუხაზავს ისე, როგორც სხვაგან … ვისაც გულში ჩაუდვია, გინდა თუ არა, განხეთქილება უნდა იყვესო წოდებათა შორის, რადგანაც ევროპაში ეგ განხეთქილება სუფევსო, განა ევროპა ცოტა დროსა და ღნესა ჰკარგავს, ცოტა სისხლსა ჰღვრის, რომ ეგ განხეთქილება მოსპოს?“[6]. ეს შეხედულება გულისხმობდა ეროვნული კონსოლიდაციის გეგმას, რომლის მიხედვითაც, ყველამ, განურჩევლად წოდებრივი მდგომარეობისა, ერთი საერთო – ეროვნული საქმისთვის უნდა იღვაწოს. ნებისმიერი დაპირისპირება, იქნება ეს წოდებრივი თუ კლასობრივი, მხოლოდ და მხოლოდ ამ საერთო საქმის დამაზიანებელია და მას საქართველოში ადგილი არ აქვს.

„ივერია“ და ახალი თაობა

1880-იანი წლები ილიას ცხოვრებაში განსაკუთრებით დატვირთული იყო. იგი ერთდროულად ხელმძღვანელობდა ბანკს, “წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ და ყოველდღიურ გაზეთს. 90-იან წლებში კი „ბანკობიადა“ დაიწყო. ყოველივე ამან  სტრესი და დაღლილობა გამოიწვია. შესაბამისად, უკვე 90-იანები წლებიდან ილია ჭავჭავაძე თუმცა ინარჩუნებდა რედაქტორის თანამდებობას, მაგრამ ძირითადად აღარ ერეოდა სარედაქციო პოლიტიკაში და წერილებსაც შედარებით იშვიათად წერდა (ლასხიშვილი 1987).  გარდა გადაღლილობისა, ეს უნდა დავუკავშიროთ კიდევ ერთ საკითხს, რომელიც ილიასთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო – ახალი თაობის გამოზრდა. სწორედ ამ მოტივით უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი, რომ ილიამ 90-იანი წლების შუაში თანარედაქტორობა შესთავაზა ნოე ჟორდანიას, რომელიც უკვე ამ პერიოდში იყო გამორჩეული ქართველი მარქსისტი. ამ თანამშრომლობას წინაპირობად ის ედო, რომ ორივე შეძლებდა განსხვავებული პოზიციების გამოხატვას გაზეთის ფურცლებზე. ეს თანამშრომლობა ვერ შედგა.[7]

ამავე 90-იან წლებში ივერიაში აქტიურად იწყებენ მოღვაწეობას ე.წ „ახალგაზრდა ივერიელები“, მათ შორის, გამორჩეული ფიგურა იყო გიორგი ლასხიშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდი ილიას თანარედაქტორიც კი იყო. ამ პერიოდში გაზეთმა ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით შედარებით რადიკალური ხასიათი მიიღო, რის შედეგადაც, მთავრობამ გაზეთი დახურა და მისი აღდგენა მხოლოდ 8 თვის შემდგომ ილიას ძალისხმევით მოხერხდა. ამ ეპიზოდის შესახებ საინტერესოა გიორგი ლასხიშვილისავე მოგონება, რომელიც ილიას პოლიტიკისადმი დამოკიდებულების  საინტერესო ასპექტს გვამცნობს: “მაისის პირველი რიცხვები იყო … უკვე დაიწყო ბანკის კრებები. მე და გიორგი წავედით თეატრში “ბანკოვიადის“ სერიის საყურებლად. ავედით სცენაზე, დავიჭირეთ კორესპოდენტების ადგილები. იმავ წუთს სცენაზე გამოჩნდა ილიაც, რომელიც პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა – „აი თქვენმა რევოლუციობანამ უკვე გამოიღო პირველი ნაყოფი: ეს არის ქაღალდი მომივიდა ივერიის დახურვის შესახებ.“ ადვილად წარმოიდგენდით როგორ თავზარს დამცემდა ეს ამბავი, როგორ მიცრუვდებოდა ყველა იმედი გაზეთის განახლებასა, გაზეთში თანამოაზრე ხალხის შეკრებისა და ახალი მიმართულებით მუშაობისა … ამგვარად ქართული საზოგადოება დარჩა უგაზეთოდ. დიდის მეცადინეობით ილიამ მოახერხა გაზეთის განახლება…[8]“ ამ მოგონებაში მნიშვნელოვანია ის, რომ ილია ჭავჭავაძე უკმაყოფილო იყო ახალგაზრდა ივერიელების არაფრთხილი სარედაქციო პოლიტიკისა, რამაც ქართველობას ყოველდღიური გაზეთი გამოგლიჯა ხელიდან. ეს ნათელყოფს იმას, რომ ილია ჭავჭავაძესთვის მიუღებელი იყო რევოლუციური, არაფრთხილი მიდგომები და ამჯობინებდა სისტემის შიგნით, თანდათანობითი ცვლილებებით მიღწეულ შედეგებს.

ზემოთ აღინიშნა, რომ „ივერიის“ ფურცლებზე ჩამოაყალიბა ილიამ თავისი შეხედულებები სოციალური საკითხების შესახებ და  ეროვნული კონსოლიდაციის პროექტი. „ახალგაზრდა ივერიელები“ თავიანთ შეხედულებებს, გარკვეულწილად, სწორედ ილიას ამ ეროვნული კონსოლიდაციის საჭიროების თეზისზე აფუძნებდნენ. „ივერიაში“ გამოწვრთნილმა ახალგაზრდებმა მოგვიანებით დაარსეს გაზეთი „ცნობის ფურცელი“, შემდგომ კი „საქართველო“. ამ ჯგუფს მალევე შეუერთდა არჩილ ჯორჯაძე. მან   „საერთო ნიადაგის“ თეორია ჩამოაყალიბა, რომელიც თავისი არსით ილიას შეხედულებათა გაგრძელებაა (შველიძე 1993).

ილიამ გაზეთ „ივერიას“ რედაქტორობდა 1902 წლამდე. მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული უნდა ყოფილიყო, რომ მის წინააღმდეგ დაბეჭდილი, ცილისწამებებით სავსე წერილი “საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება“ სწორედ “ივერიამ“ გადაბეჭდა, ხოლო ილიას საპასუხო წერილი “ნუთუ?!“ ამავე „ივერიამ“ არ დაუბეჭდა (ჯოლოგუა 2013).

 

„ივერიას“ როლი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში

“ივერიას“ მეცხრამეტე საუკუნეში ფუნდამენტური მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იგი ყოველდღიურ გამოცემად გარდაიქმნა. ფაქტობრივად, ყველანაირ ახალ ამბავს ქართველები სწორედ „ივერიის“ ფურცლებიდან იგებდნენ. მნიშვნელოვანია, რომ “ივერია“ მოიცავდა ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხს და ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი რუბრიკა “საშინაო მიმოხილვები“. „ივერიამ“ კიდევ უფრო გააფართოვა ქართველი მკითხველის თვალსაწიერი, მის ფურცლებზე მიმდინარეობდა სამოქალაქო ცნობიერების დამკვიდრების აქტიური პროპაგანდა. მისი შედეგი ქართული საზოგადოებისთვის კი ის ახალგაზრდა თაობაა, რომელმაც შემდგომში გააგრძელა საზოგადოებრივი საქმიანობა. მოგვიანებით მათი უმრავლესობა გაერთიანდა “სოციალისტ-ფედერალისტთა“ პარტიაში და  მნიშვნელოვან არამარქსისტულ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ.

შენიშვნები

[1] ჯოლოგუა, “ჟურნალისტიკის ისტორია“ გვ. 348

[2] ილია ჭავჭავაძე, “ივერიის წინასიტყვაობა“ (თბილისი, 1953) გვ 258

[3] იქვე, გვ 257

[4] იქვე, გვ 259

[5] შარაძე, “ილია ჭავჭავაძე“ (თბილისი, 1987) გვ. 287

[6] ილია ჭავჭავაძე, “ცხოვრება და კანონი“ (თბილისი, 1956) გვ. 55; 57

[7] ჯოლოგუა, “ჟურნალისტიკის ისტორია“ გვ. 353

[8] იქვე, გვ 353

სარჩევი

სტატია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობა“ შექმნილია ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს – რატი კობახიძეს – და შეიძლება არ გამოხატავდეს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხედვებს.
Creative Commons License
სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported ლიცენზიით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.