საწყის გვერდზე დაბრუნება

ილია ჭავჭავაძე პოლიტიკაში

პირველი მნიშვნელოვანი ინსტანცია, სადაც ილია ჭავჭავაძე აქტიურ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებდა – თბილისის ქალაქის საბჭო, იგივე დუმა იყო. თვითმმართველობა ილიასთვის „თვითმოქმედების“ პრინციპის ერთ-ერთი პოლიტიკური გამოვლინება იყო, სწორედ ამიტომაც იგი აქტიურად უჭერდა მხარს ამ ინსტიტუციის განვითარებას მთელ იმპერიასა და მათ შორის, საქართველოშიც. ქალაქის საბჭოს არჩევნებს და ამავე საბჭოს საქმიანობას იგი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა და 1891-1897 წლებში არაერთი წერილიც მიუძღვნა.  1897 წელს იმართებოდა არჩევნები ქალაქის საბჭოში წარმომადგენელთა ასარჩევად. ორი დღით ადრე გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის წერილი განსაკუთრებით საინტერესო და  ყურადსაღებია, ვინაიდან იგი არჩევნებში მონაწილეობისკენ აქტიურ მოწოდებას წარმოადგენს. ამას ილია ჭავჭავაძე „მოქალაქურ“ და „კაცადკაცურ“ მოვალეობას უწოდებს და ამბობს: „სიმძიმე და სიდიდე იმ მოვალეობისა, რომელსაც ხვალ კისრად ვღებულობთ და ასე თუ ისე ავასრულებთ, წინ უნდა წაიმძღვაროს ყველამ და ისე მივიდეს კენჭის მისაცემად. აქ ვინც უმტყუვნებს და უღალატებს იმას, რასაც სინიდისი, ნამუსი, კაცური კაცობა ამხელს, იგი უმტყუვნებს, იგი უღალატებს თავისს თავს, თავისის ცოლ-შვილის, ოჯახის ბედნიერებას და კეთილდღეობას“. ამ ციტატიდან ნათლად ჩანს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ილია ჭავჭავაძე არჩევნებში აქტიურად მონაწილეობას.

ილია ჭავჭავაძე კიდევ ერთხელ სამოღვაწეო ასპარეზზე 1905 წლის რევოლუციის დროს დაბრუნდა. ერთი მხრივ, იგი ხელმძღვანელობდა დელეგაციას, რომელიც სთხოვდა მეფისნაცვალს არ გაეგზავნა აჯანყებული გურულების წინააღმდეგ სისასტიკით განთქმული გენერალი ალიხანოვი. ილია ზურაბიშვილის მოგონების მიხედვით: „ ილია წინადადებას იძლეოდა, მეფის ნაცვალს დელეგაცია მივუგზავნოთ და მოვითხოვოთ, დამსჯელი ექსპედიციის გაგზავნა გადათქვასო, თანაც უნდა განვუცხადოთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველანი იქ წავალთ და ჩვენ ძმებთან ერთად “костьми ляжем““. როდესაც ვიღაცამ შენიშნა, ხომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არავინ ჩვენთაგანი არ წავა და костьми не ляжет-ო, ილიამ უპასუხა „მაშინ სირცხვილი ჩვენ“ და რამდენადაც მაგონდება, დაიმატა ერთ-ერთი შემდეგი ფრაზა : „ამ სირცხვილს ხალხი არ გვაპატიებს“ ან „თორემ ხალხი თვითონ წავაო“[1]. ნ.ნაკაშიძის მოგონება ადასტურებს როგორც ამ ამბავს, ასევე იმასაც, რომ ასეთი დელეგაცია ილიას მეთაურობით მართლაც ეწვია მეფისნაცვალს და დროებით ალიხანოვის დამსჯელი ექსპედიციაც გადავადებულა[2].

საბოლოო ჯამში აჯანყება მაინც ჩაახშეს, ამის შემდგომ ილია იღწვოდა აოხრებული გურიისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად[3].

რევოლუციის პირობებში ილია ჭავჭავაძე ფიქრობდა პარტიის ჩამოყალიბებას თანამოაზრეებთან ერთად. ეს პარტია კონსტიტუციონალისტურ-დემოკრატიულ პლატფორმაზე უნდა შექმნილიყო და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოსთვის ავტონომიის მოპოვება იქნებოდა. მისი პროგრამის ავტორი ილია არ ყოფილა, თუმცა, სავარაუდოდ,  იგი მას იცნობდა და გარკვეული შესწორებებიც ჰქონდა შეტანილი. ამ პარტიამ ფეხი ვერ მოიკიდა (შარაძე, ილია ჭავჭავაძე – ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება – ტომი მეორე 1990).

1905 წლის რევოლუციას მოჰყვა ე.წ „ოქტომბრის მანიფესტი“ და დუმის მოწვევა. ამავე პერიოდში ფუნქციურად გარდაიქმნა სახელმწიფო საბჭო – იგი თავადაზნაურთა, სასულიერო პირთა და მეცნიერთა წარმომადგენლობით ორგანოდ უნდა ქცეულიყო. ქართველმა თავადაზნაურობამ თავის ერთ-ერთ წარმომადგენლად ილია ჭავჭავაძე აირჩია. თუმცა თავად ილიამ რუს ჟურნალისტს განუცხადა: „სახელმწიფო საბჭოში მე ამომირჩია თავადაზნაურობამ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბჭოში მე მარტო აზნაურ-თავადთა საჭიროებებზე ვილაპარაკებ. თუ ამას ფიქრობენ ზოგნი ჩემი ამომრჩეველნი აქაური რუსთა აზნაურნი – ეს დიდი შეცდომაა. სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ – ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი : საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები. საერთო კითხვებსაც შევწირავ ჩემს ღონეს.“[4] ილია 1906 წელს გაემგზავრა პეტერბურგში. როგორც ვიცით, რეფორმები რუსეთში დღემოკლე აღმოჩნდა, თუმცა ცნობილია, რომ სახელმწიფო საბჭოში ილია იბრძოდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. დადასტურებულად ცნობილი არაა, გამოვიდა თუ არა იგი სიტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო საბჭოში, თუმცა მოიპოვება მისი სიტყვის კონსპექტური ჩანაწერი (შარაძე, ილია ჭავჭავაძე – ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება – ტომი მეორე 1990).

ამავე პერიოდში ის აქტიურად აკვირდებოდა სახელმწიფო სათათბიროს საქმიანობას. სათათბიროში საქართველოს ავტონომიის საკითხი განსახილველად დარეგისტრირებული იყო მოსკოველი ვექილი ლედნიცკის მიერ პეტერბურგელ ქართველთა მინდობილობით.  ქართველი დელეგატები ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩამოსულნი და ილიამ დეპუტატთა ჩამოსვლამდე ითავა ამ საქმის წინამძღოლობა, დაიწყო შესაბამისი მასალების მოძიება. საქართველოდან ჩამოსული დეპუტატების უმრავლესობა სოციალ-დემოკრატები იყვნენ, რომლებიც არ უჭერდნენ მხარს საქართველოს ავტონომიას. ილიამ დავით სარაჯიშვილს სთხოვა მათთან შეხვედრის ორგანიზება. შეხვედრა შედგა, თუმცა ილიამ შედეგად მხოლოდ სოციალ-დემოკრატთა დაპირება მიიღო, რომ ისინი ავტონომიას არც დაიცავდნენ, თუმცა არც წინააღმდეგ იტყოდნენ რამეს[5].

საბოლოო ჯამში, არც სახელმწიფო საბჭოს და არც სათათბიროს ეფექტური მუშაობა არ დასცალდა. 1907 წელს ილია საქართველოში დაბრუნდა. ამ დროს იგი უკვე 70 წლის მოხუცებული იყო. ამავე წლის სექტემბერში იგი წიწამურთან მოკლეს.

[1] ილია ზურაბიშვილი, “ილია ჭავჭავაძე“ (თბილისი, მერანი, 1987) გვ. 263

[2] შარაძე, “ილია ჭავჭავაძე, ტომი მეორე) (თბილისი, 1990) გვ. 234-235

[3] იქვე, გვ. 235

[4] იქვე, გვ 277

[5] იქვე, გვ. 302

სარჩევი

სტატია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობა“ შექმნილია ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს – რატი კობახიძეს – და შეიძლება არ გამოხატავდეს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხედვებს.
Creative Commons License
სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported ლიცენზიით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.