ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს პირველ დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 07.II.2021 – 12.II.2021

ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისათვის პატიმრობის უკანონოდ შეფარდებას პროტესტი და საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა

5 თებერვალს გასული წლის ზაფხულში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს – ზაზა გახელაძეს ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა „ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისა” და „სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფის ბრალდებით”. 5 თებერვალს გაიმართა აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც მოქალაქეები ქართული ოცნების „არგაღიზიანების პოლიტიკას” აკრიტიკებდნენ და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს ცენტრალური ავტობანიც. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ [1] განაცხადა, რომ ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა პარტნიორებთან გაიმართა შესაბამისი კონსულტაციები, მოთხოვნილია შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, აგრეთვე, უახლოეს მომავალში გაიმართება ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში.

ზაზა გახელაძის დაკავება შეაფასეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. „ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ [2] განაცხადა: „მთავრობის ძალიან დიდი ჩავარდნაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სრულიად უდანაშაულო ჩვენი მოქალაქე, რომელსაც არაფერი დაურღვევია, ასეთი ტიპის სანქციის ქვეშ ხვდება. სახელმწიფო სამსახურები რეაგირებით კი არ არიან დაკავებული, არამედ უშიშროება იმაზე ზრუნავს, ოპოზიციასთან კონტაქტი არ ჰქონდეს ოჯახს და რაიმე ინფორმაცია გარეთ არ გავიდეს.”

ზაზა გახელაძის უკანონო დაკავება დაგმეს საქართველოში აშშ-ს, ევროკავშირის, ესტონეთის, ლიეტუვის, ნორვეგიის და სხვა ქვეყნების საელჩოებმა.

„ლელო საქართველოსთვის” წევრის კახა კოჟორიძის განხცხადება შსს-ს თანამშრომლების მხრიდან აქტივისტების ოჯახებზე მიმდინარე ზეწოლაზე

„ლელო საქართველოს” წევრმა, კახა კოჟორიძემ [3] სოციალური მედიის საშუალებით განაცხადა, რომ ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი, რომლებიც „დაუმორჩილებლობის აქციაზე” იყვნენ და კომენდატის საათი პროტესტის ნიშნად დაარღვიეს, არიან სამართალდამცველი ორგანოების ზეწოლის მსხვერპლი. კოჟორიძემ საკუთარ ფეისბუქ-პოსტში აღნიშნა, რომ ორი ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტის ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ პოლიციიდან და უთხრეს, რომ „მათმა შვილებმა დანაშაული ჩაიდინეს”. კოჟორიძე აღნიშნავს, რომ „პოლიციის მხრიდან ეს არის უღირსი საქციელი, არღვევს კანონს და ჩრდილს აყენებს იმ ადამიანებს, ვინც შსს-ში მუშაობს და თავის საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებს!”.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა  ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი. კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაგრძელებას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ის წინააღმდეგობას რეგიონში რუსეთის აგრესიის მიმართ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და სჩადის ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის, დაკავებებსა და მკვლელობებს. რუსული ძალები განაგრძობენ სამოქალაქო თემების შევიწროებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ და აფერხებენ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ უსაფუძვლოა ოპოზიციის რიტორიკა, თითქოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები შეშფოთებული არიან, ამას ადასტურებს აშშ-ის ყველა მხარდამჭერი აქტი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინათინ ბოკუჩავას [4] განცხადებით კი – მხარდამჭერ აქტში ხაზგასმულია დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა, რაც ითვალისწინებს სამართლიან არჩევნებს.

ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

9 თებერვალს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას მიმოიხილავს 2020 წელს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ერთგულად განაგრძობს ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესრულებას, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, მათ შორის კოვიდ კრიზისის.

ანგარიშში საუბარია როგორც საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესზე, ისე გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა. საუბარია რეფორმებზე სასამართლო სისტემაში, რომლებიც დაკავშირებულია ეთიკის სტანდარტების დაცვასთან, თუმცა ცალსახად არის აღნიშნული ისიც, რომ არსებობს კითხვის ნიშნები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და გამჭირვალობასთან დაკავშირებით. საარჩევნო პროცესებთან მიმართებით აღნიშნულია, რომ არჩევნები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა იყო ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევები და არსებობს კითხვის ნიშნები საარჩევნო პროცესის კონკრეტულ კომპონენტებთან მიმართებით, რამაც შეამცირა მოსახლეობის ნდობა საარჩევნო პროცესებისადმი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჭიროა პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების მიღწევა. კორუფციასთან დაკავშირებით ანგარიში ამასთანავე აღნიშნავს, რომ „კორუფციის წინააღმდეგ დღის წესრიგის შემუშავება მისცემდა ბიძგს კორუფციისადმი, განსაკუთრებით კი მაღალი დონის კორუფციისადმი ბრძოლას.”

 

შენიშვნები

[1] ლაშა დარასალია – შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე (2017–2018); საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელი (2016 -2017)
[2] სერგი კაპანაძე – ქართველი დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (2011-2012); საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი (2016-2020)
[3] კახა კოჟორიძე – ქართველი იურისტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (2012-2014); საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი (2015 – 2018).
[4] თინათინ ბოკუჩავა – ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი, საქართველოს სამი მოწვევის (2012, 2016, 2020) პარლამენტის წევრი.

 

EGI პოლიტიკური დაიჯესტი შეიქმნა შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ EGI-ის ან SILC-ის პოზიციას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.