ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს პირველ დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 13.II.2021 – 19.II.2021

ნიკა მელიას საქმე

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 12 თებერვალს პარლამენტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას დასაპატიმრებლად თანხმობისთვის მიმართა.

პროკურატურამ პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც მელიამ უარი განაცხადა ნოემბერში ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის პროტესტის ნიშნად გადაგდების გამო გირაოზე დამატებული 40 000 ლარი გადაეხადა. მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე თავდაპირველად 30 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან გადაიხადა. საქართველოს პარლამენტმა 16 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე, 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ („მოქალაქეების” წევრები ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან იოსელიანი), პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. სხდომის დაწყებამდე განცხადება გაავრცელეს სახალხო დამცველმა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და პარლამენტს მოუწოდეს არ გაეცა თანხმობა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. იმავე საღამოს, სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სხდომას ნიკა მელია არ ესწრებოდა, ის მხარდამჭერებთან და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ადევნებდა მოვლენებს თავს. 

ნიკა მელიას საქმეს გამოეხმაურნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თქვა, რომ არ აპირებს სამართლებრივ მხარეზე საუბარს, თუმცა ორი ფაქტორი გამოყო, სასამართლო სისტემისადმი ნდობის არარსებობა და პოლარიზაციის მაღალი დონე, რაც დამანგრეველი კომბინაციაა. კრიტიკული იყო ევროპარლამენტის წევრების – ანა ფოტიგას და ანდრიუს კუბილიუსის შეფასებები. ფოტიგამ განაცხადა, რომ შეშფოთებულია იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიიღო საქართველომ, „ქვეყანამ, რომელიც სხვებისთვის მაგალითი იყო და ახლა 90-იანი წლების მშფოთვარე წარსულისკენ დაიწყო უკუსვლა“. თავის მხრივ, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის შესაძლო დაკავებით, საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლას საფრთხე შეექმნა. მელიას საქმეს გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ჯიმ რიშიც, რომელმაც „კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა” უწოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, შეშფოთებულია, რომ მოვლენებთან დაკავშირებით შესაძლოა, არაპროპორციული ზომები იქნას მიღებული.

 2021 წლის 18 თებერვალს გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა საკუთარ გუნდთან ნიკა მელიას პატიმრობის აღსრულებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. 

სამთავრობო ცვლილებები: გახარიას გადადგომა და ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობის კანდიდატი

2021 წლის 18 თებერვალს გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა საკუთარ გუნდთან ნიკა მელიას პატიმრობის აღსრულებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია „გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ“, მისმა დაკავებამ შესაძლოა „რისკი შეუქმნას მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობა შექმნას“. 18 თებერვალსვე, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ის წარსულში იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (2012-2013), საქართველოს პრემიერ-მინისტრის (2013-2015) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (2019-2021) პოზიციებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა [1] გახარიას გადადგომას „მოულოდნელი და არასასიამოვნო” უწოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ „ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს რომ „ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა რომ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი.” ამავე პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა [2] განაცხადა, რომ „ღარიბაშვილის დანიშვნა არ არის გზავნილი, რომ მშვიდობა უნდათ.” ლელო საქართველოსთვის წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ [3] კი გახარიას გადადგომაზე თქვა, რომ „კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფრთა დამარცხდა.” გიორგი გახარიას გადადგომას გამოეხმაურა აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, მან განაცხადა, რომ „სწორი ნაბიჯი და სწორი ტონია, მთავრობას სჭირდება დიალოგი ოპოზიციასთან და არა უფრო მეტი დაპირისპირება.” ამავე დღეს გავრცელდა ევროკავშირის განცხადება, რომელმაც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას „იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით და პასუხისმგებლობით შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“.

პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი დადგენილება, რომელიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, 78 ხმით მიიღეს. საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა. რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით კომისია სრულფასოვანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში ოპოზიციური სპექტრი სრულად იქნება წარმოდგენილი. ლევან იოსელიანი იმ შემთხვევაში შეუერთდება კომისიას, თუ მის საქმიანობაში ჩაერთვება სრულიად ოპოზიციური სპექტრი. საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში ჩართვას არ აპირებენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილის განაცხადებით „სამი თვის შემდეგ, რაც არ უნდა გამოვიძიოთ და ვიკვლიოთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბუთებში, პრაქტიკულად ვერაფერს ვეღარ მივაგნებთ.” „სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ [4] კი განაცხადა: “ცესკო და სასამართლო სამი თვით უკან ვერ დაბრუნდება. მაშინ უნდა გაუქმდეს შედეგები და მივიდეთ ნოემბრის პირველ რიცხვებში, როდესაც ჩვენ მასიურად ყველა მტკიცებულება წარვადგინეთ.”

 

შენიშვნები

[1] სოზარ სუბარი – საქართველოს სახალხო დამცველი (2004-2009), სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი (2012-2014), იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი (2014-2018), საქართველოს პარლამენტის წევრი (2020-დღემდე)
[2] ლევან ხაბეიშვილი – თბილისის საკრებულოს წევრი (2017-დღემდე), პარლამენტის წევრი 2020 წლიდან, უარი თქვა მანდატზე
[3] ფიქრია ჩიხრაძე – ლელო საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტის წევრი (1995-2008)
[4] სერგო ჩიხლაძე – სტრატეგია აღმაშენებლი, საქართველოს პარლამენტის წევრი 2020 წლიდან, უარი თქვა მანდატზე

 

EGI პოლიტიკური დაიჯესტი შეიქმნა შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ EGI-ის ან SILC-ის პოზიციას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.