03აგვ/19

შტუტგარტის დეკლარაცია

ევროპის პარლამენტის პირველი პირდაპირი არჩევნების წინა საღამოს, 1976 წლის მარტში, ცხრა ევროპული ლიბერალური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ბელგიიდან, დანიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ლუქსემბურგიდან, ნიდერლანდის სამეფოსა და გაერთიანებული სამეფოდან შეიკრიბნენ გერმანულ ქალაქ შტუტგარტში დაRead More…

14დეკ/18

მილის თავისუფლების შესახებ

ეს სტატია არის თარგმანი სტატიისა Mill’s on Liberty, რომელიც იყო გამოქვეყნებული დრ. გრეგორი ფრიდის (Dr. Gregory Fried) მიერ 2007 წელს; სტატიის ორიგინალი სათაური: Mill’s on Liberty. თარგმანზე მუშაობდნენ: გიორგი მელაშვილი, მიხეილ მთიულიშვილი,Read More…

ეს სტატია არის თარგმანი სტატიისა Marx’s Kapital crimes, რომელიც იყო გამოქვეყნებული politico.eu-ს მიერ 2018 წლის 5 მაისს; სტატიის ორიგინალი სათაური: Marx’s Kapital crimes.

თარგმანზე მუშაობდნენ: გიორგი მელაშვილი, გიორგი ლოლაძე, მიხეილ ქორქაშვილი, მიხეილ მთიულიშვილი; რედაქტორი - ლექსო ლობჟანიძე.

დაბადებიდან 200 წლის შემდეგაც კი კარლ მარქსი ადამიანებში ისევ დავას იწვევს. გერმანულ ქალაქ ტრირისთვის ჩინეთის მიერ მარქსის იუბილის აღსანიშნავად ქანდაკების მიძღვნამ სერიოზული პროტესტი გამოიწვია მათთვის, ვისაც ახსოვს კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი ის ბოროტებები და ტანჯვა, რაც კომუნიზმმა მათ ერებს მოუტანა.

და მაინც, ბერლინის კედლის დანგრევისა და საბჭოთა იმპერიის კოლაფსიდან 30 წლის შემდეგაც კი არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მარქსი და მარქსიზმის იდეალია არა მხოლოდ შემორჩენილ კომუნისტურ ქვეყნებში, არამედ, სამწუხაროდ, პატივცემულ დასავლელ ინტელექტუალებს შორისაც კი.

ის, რაც დღეს მარქსიზმის თაყვანისმცემლებს არ ახსოვთ ან თავს არიდებენ, არის ფაქტი, რომ მარქსისტულმა დოქტრინამ მიგვიყვანა სისხლიან დიქტატურებამდე და გულაგის ხორცის მანქანებამდე – კიდევ ერთი მიზეზი, გავერკვიოთ, რა არის ასეთი დამპალი მასში.

გერმანელი ფილოსოფოსის უზარმაზარი და ქარაგმული ნაშრომის ნებისმიერი აბზაცის წაკითხვის შემდეგ, ადამიანი იაზრებს მის აბსოლუტურ რწმენას საკუთარ სისწორეში. ის დარწმუნებულია ჭეშმარიტებაში და არ ტოვებს ეჭვისთვის ადგილს. ის ანადგურებს ოპონენტს შეუვალი პოლემიკით და მედგრად უარს ამბობს საკუთარი მოსაზრებების გადააზრებაზე. უცდომელობის იდეალი, ის არ ტოვებს საკუთარ მოსაზრებებში შეცდომის შესაძლებლობას ან მტკიცების მცდელობას.

„დღემდე არსებული ყველა საზოგადოების ისტორია არის კლასობრივი ბრძოლის ისტორია“ – იწყება მისი „კომუნისტური პარტიის მანიფეესტი“. ყველა? მარქსისთვის არ არსებობს ადამიანის გამოცდილების სხვა, განსახილველად მნიშვნელოვანი, ტიპი: უმნიშვნელოა ტექნოლოგიების ისტორია ან იდეების, ან კულტურის, ან რწმენის. მან დაამახინჯა გერმანელი იდეალისტი ფილოსოფოსების ნააზრევები და დაიყვანა მარტივ მოსაზრებებამდე მომავლის „კაპიტალიზმის განვითარების კანონების“ ფორმით დასადგენად. სწორედ მომავლის განჭვრეტის საკუთარი შესაძლებლობის მცდარი შეფასება არის ის, რამაც განაპირობა მარქსის მიუღებლობა ისეთი მოაზროვნისთვის, როგორიცაა ფრიდრიჰ ფონ ჰაიეკი, რომელიც აღიარებს ადამიანის განსჯაში გარდაუვალი მცდარობის შესაძლებლობას.

მაგრამ ასე არ ფიქრობს მარქსი, რომელიც იბრალებს ჭეშმარიტებისადმი პირდაპირ წვდომას და საკუთარ მანიფესტს ასრულებს მეტოქე – გაკიცხული და მსჯავრდებული – რადიკალური მოძრაობებისთვის გამანადგურებელი ვერდიქტების გამოტანით, წამიერი ეჭვის გარეშე. მარქსის ბოლშევიკი მემკვიდრეები ბრალდებებში მის დარწმუნებას, მოგვიანებით, საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობების გასამართლებლად გამოიყენებენ. მარქსიზმის მსხვერპლთა დიდ სიაში დიდი ადგილი უკავია მის მემარცხენე მეტოქეებს.

საკუთარ თავში მისი ეჭვგარეშე დარწმუნების გამო, მარქსს პოლიტიკის მყიფე შეგრძნება ჰქონდა. ის, რაც სხვებისთვის კომპრომისის და მოლაპარაკებების სფეროა, მისთვის ბრძანების ვალდებულებაა. მან სახემლწიფო დაინახა, როგორც უბრალოდ „ბურჟუაზიის აღმასრულებელი კომიტეტი,“ რომლის განადგურების პირობაც დადო მას შემდეგ, რაც კომუნიზმი გაანადგურებდა კლასობრივ განსხვავებას. – ყოველ შემთხვევაში, ასე გვპირდებოდა.

პრაქტიკაში კომუნიზმმა დაუშვა ნომენკლატურის, ახალი კლასობრივი ელიტის განვითარება, რომელიც იფერებდა ეგალიტარულ რიტორიკას, თავად კი დიქტატორების პრივილეგიებით სარგებლობდა. ცოტა თუ იტყვის, რომ მარქსიზმის რეალური პოლიტიკური მემკვიდრეობა არის სახელმწიფოს გაუქმება, რადგანაც, პირიქით, ეს არის სახელმწიფოს გაზრდა საზოგადოების ხარჯზე და მარქსისტული ელიტის პრივილეგირება მოსახლეობაზე. გასაკვირი არ არის, რომ აღმოსავლეთ გერმანელები 1989 წლის ნოემბერში, კომუნისტური მთავრობის ბოლო დღეებში, სკანდირებდნენ: „ჩვენ ვართ ადამიანები.“ – კომუნისტებისთვის ადამიანი უბრალოდ გამოსაყენებლი ნივთი იყო.

მარქსიზმის მიზანი არ იყო ეგალიტარული საზოგადოების მიღწევა: ეს იყო მანქანა, რომლის გამოყენებითაც პარტიის აქტივისტებსა და ავაზაკებს შეეძლოთ ძალაუფლების საკუთარი სურვილის დაკმაყოფილება (სწორედ ამიტომ უწოდა ახალგაზრდა რადიკალმა მაქს ისტმენმა რუსეთის კომუნისტ რევოლუციონერებს „ნიცშეანელები“).

მარქსისტული ლტოლვა ძალაუფლებისაკენ, აგრეთვე, ნიშნავდა ყველა რელიგიის დაგმობას, რომლებიც დაქვეითებეულია ცრუ ცნებისა და „ხალხის ოპიუმის“ დონემდე. მან იგივენაირად უარყო ფილოსოფია, როგორც მის ცნობილ ფრაზაშია: „ფილოსოფოსები მხოლოდ სამყაროს ინტერპრეტაციას ახდენენ მაშინ, როდესაც მათი მიზანი მისი შეცვლაა“. საუბრები სიცოცხლის მნიშვნელობაზე, სამყაროს გააზრებასა და მსგავს თემებზე, აქედან გამომდინარე, მარქსისტებისთვის უმნიშვნელო და ადვილად მოსაშორებელი აღმოჩნდა. მარქსს მსოფლიოზე ფიქრს „მსოფლიოს შეცვლა“ ერჩივნა, მაგრამ მისი ნააზრევი არ ტოვებს სივრცეს იმ ეთიკური განმარტებისთვის, რომლის შემოთავაზება ფილოსოფიურ აზროვნებას შეეძლო. მას სურდა ცვლილება ნებისმიერ ფასად, ცვლილება საზღვრების გარეშე, ცვლილება, რომელსაც არ შეაჩერებდა ეთიკური მოსაზრებები.

ამის შედეგი არის მოდერნიზაციული ფანტაზია, ბეჯითი ტრანსფორმაციის იმედითა და ადამიანური დანაკარგებისადმი გულგრილობა. როგორც საუკუნის შემდეგ ჰანა არენდტმა „ტოტალიტარიზმის საწყისებში“ აჩვენა, კომუნზმმა მიგვიყვანა სისტემურ ძალადობამდე, „ექსპერიმენტებამდე“, რომელთა მიზანი „ახალი ადამიანის“ შექმნას წარმოადგენდა – მიყინებული ტკივილის გათვალისწინების გარეშე.

უცდომელობის რწმენა, ძალაუფლებისადმი ლტოლვა და ეთიკური აზრის დაქვეითება – ეს მემკვიდრეობა დაუტოვა მარქსმა კომუნისტურ მოძრაობას, რომელიც ოდესღაც ნახევარ მსოფლიოს მართავდა, მაგრამ მარქსის დამცველები დღემდე აგრძელებენ ოცნებას იმ „კარგ“ მარქსზე, რომელმაც საკუთარი ნაშრომი ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად გაჭირვებული მუშების შემხედვარემ დაწერა.

თუმცა მარქსი არ იყო ერთადერთი მოაზროვნე, რომელიც წერდა სოციალურ მდგომარეობაზე XIX საუკუნეში და ის ნამდვილად არ არის ყველაზე საინტერესო. დიკენსის ერთი გვერდი არაფრით ჩამოუვარდება „კაპიტალის“ ტომს. სადაც კი მარქსიზმი დომინირებდა მუშათა კლასზე – მეტოქე რეფორმისტული მოძრაობების ჩახშობის ან კავშირებით მანიპულაციის შედეგად – „ლურჯი საყელო“ უფრო დაბალ ხელფასს იღებდნენ.

რომ არა 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუცია, რომელიც მარქსის იდეებით ათწლეულების განმავლობაში ამართლებდა დიქტატურასა და ტერორს რუსეთში, დღეს მარქსის სახელი ცოტას თუ ემახსოვრებოდა.

რასელ ბერმანი, სტენფორდის უნივერსიტეტის ჰაასის სკოლის პროფესორი, ჰუვერის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.