19-21 დეკემბერს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის და მომავალ დიპლომატთა კლუბის (ევროპულ-ქართული ინსტიტუტი) ორგანიზებითა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით რიგით მეორე დიპლომატიური ვიქენდი ჩატარდა, ამჯერად ვიქენდის თემა საქართველოს ევროპული არჩევანი იყო. ვიქენდი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიხსნა, გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დეკანმა, ქალბატონმა თინათინ ქაროსანიძემ. შემდეგ კი მონაწილეებს ლექცია წაუკითხა გიგა ბოკერიამ, ლექციის შემდეგ კი გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. გიგა ბოკერიას შემდეგ, მონაწილეებმა ქალბატონ თამარ კოვზირიძის ლექციას მოუსმინეს DCFTA-ს შესახებ. ლექციების შემდეგ მონაწილეები ბაზალეთზე გაემგზავრნენ და შემდეგი ორი დღის განმავლობაში ვიქენდი ბაზალეთის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობდა.

დიპლომატიური ვიქენდის მეორე დღე  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ გახსნა. ქალბატონმა ელენემ ისაუბრა ევროპულ ფასეულობებზე და ღირებულებებზე და უშუალოდ ცენტრის საქმიანობაზე. ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა. ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს საინფორმაციო ბროშურები და წიგნები დაურიგეს. ვიქენდის მეორე დღე მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტ ორატორიუმის ფარგლებში გაგრძელდა. ორატორიუმის ფარგლებში ჩატარდა ლექციები “რატომ არ არის რუსეთი ევროპა” და “საქართველო და ევროპა”.  პირველი ლექცია წაიკითხეს მომავალ დიპლომატთა კლუბის წევრებმა, ხოლო ლექცია საქართველოსა და ევროკავშირის შესახებ წაიკითხა ევროინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენელმა თორნიკე სულაბერიძემ.

დღის ბოლოს მონაწილეებმა ჯგუფებში იმუშავეს თემაზე რა არის ჩემთვის ევროპული ღირებულებები. მონაწილეები ერთი საათის განმავლობაში ჯგუფებში აყალიბებდნენ და თანხმდებოდნენ მათთვის საერთო შეხედულებებზე, შემდეგ კი თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა საკუთარი ევროპული ღირებულებების პრეზენტაცია. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია ამავე თემაზე.

პროექტის მესამე დღეს კი მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერის, ვატო ლეჟავას და პოლიტოლოგ გია ნოდიას ლექციებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.