საქართველოს პრეზიდენტს არ დაურღვევია კონსტიტუცია, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში ვიზიტით იმყოფებოდა.
საქართველოს კონსტიტუცია უზღუდავს საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელებას. მიუხედავად ამისა:
- პრეზიდენტმა გააუქმა ყველა ოფიციალური ვიზიტი და პირადი კონტაქტების გამოყენებით შეხვდა უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს;
- მისი შეხვედრების მიზანი იყო საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ვალდებულებაა ყველა კონსტიტუციური ორგანოსთვის, მათ შორის, პრეზიდენტისთვის;
- პრეზიდენტის განხილვის საგანი არ ყოფილა საქართველოსთვის რაიმე ვალდებულების დაკისრება ან საერთაშორისო ხელშეკრულებათა ხელმოწერა ან დენონსირება.
ამგვარად, პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი წარმოება მოკლებულია ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი მოუწოდებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს შეასრულონ ქართველი ხალხის მოთხოვნა და კოორდინირებულად იმუშაონ ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციისთვის.