საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ყურადღებით აკვირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გარშემო მიმდინარე პროცესებს. აღნიშნული პროცესები ქმნიან ეჭვებს, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ ბოლო პერიოდში წამოწყებული ცვლილებების ტალღა მიზნად ისახავს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლასა და მათი თავისუფლების შეზღუდვას.
ჩვენ შევახსენებთ ყველა მხარეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცავს აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას – დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. შევახსენებთ ასევე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამოცანა და მიზანი არის სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება.
ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს კანონთან მაუწყებლობის შესახებ და პატივი სცენ ჟურნალისტების დამოუკიდებელი საქმიანობისა და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წარმართვის უფლებას.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ყურადღებით აკვირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გარშემო მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჟურნალისტები, რომლებიც საკუთარი უფლებებისა და პროფესიული ღირსებისათვის იბრძვიან, პირნათლად ასრულებენ საკუთარ მოქალაქეობრივ ვალდებულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინაშე.