საქართველოში მოქმედი ამერიკული ინსტიტუტების წინააღმდეგ ორკესტრირებული თავდასხმების საპასუხოდ

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი მიუღებლად მიიჩნევს სხვადასხვა პარტიებისა და პოლიტიკური ძალების მიერ საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ამერიკულ საერთაშორისო ორგანიზაციებზე – ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტზე (NDI) – ორკესტრირებული შეტევების ტალღას, რაც ხელს უწყობს საქართველოში ანტიამერიკული, ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებასა და საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეთა მიერ არჩეულ საგარეო პოლიტიკურ კურსს.

IRI და NDI თანაბრად თანამშრომლობენ პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენეთან დემოკრატიის გაძლიერების მხარდასაჭერად, მათ არ გააჩნია პარტიული ან ვიწროპოლიტიკური ინტერესი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნარატივი, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ხელისუფლებასთან დაპირისპირებასა და ოპოზიციასთან კავშირს, ავტორიტარულ, ანტიდემოკრატიულ რეჟიმებს ახასიათებს, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დემოკრატიულ ფასეულობებსა და სულისკვეთებას.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) სრულ მხარდაჭერას უცხადებს პროდემოკრატიულ საერთაშორისო ინსტიტუტებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მათ როლს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების პროცესში. მოცემულ ინსტიტუტებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით საქართველოში პარლამენტარიზმისა და პარტიების სტრუქტურების განვითარებაში, ასევე ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის გაზრდაში.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი გმობს ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და მათ ქმედებებს, რაც ემსახურება ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციას, ამძაფრებს საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციასა და ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და პოსტსაბჭოთა ტრანზიციის დასრულებას.

მივიჩნევთ, რომ ყველა ასეთი ქმედება დამაზიანებელია ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის და ხელს უწყობს ავტორიტარული ტენდენციების გაღრმავებას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას პატივი სცენ საქართველოს მოსახელობის მტკიცე გადაწყვეტილებას და ხელი შეუწყონ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსის გაღრმავებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.