თბილისის პრაიდი გაუქმდა, ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 48 ჟურნალისტი დაშავდა

5 ივლისს, ხელისუფლების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა და დღეს გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებზე არასათანადო რეაგირების გათვალისწინებით ლგბტქ+ თემის უფლებადამცველმა ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ ღირსების მარში გააუქმა

„ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში. 

რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრებილმა ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ აღმართული კარვები დაშალეს.ამ იმ დროს, როდესაც რადიკალური ჯგუფები კარვებს ანადგურებდნენ, პოლიცია ადგილზე, ფაქტობრივად, არ იმყოფებოდა

ის შემდეგ, ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ჯვარი აღმართეს.

იმავე დღეს, ამ ჯგუფებმა დაარბიეს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ და ლგბტქ+ უფლება დამცველი ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფისებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლებით დაიწყო.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, თბილისში დღეს განვითარებული მოვლენებისას 16 მედიასაშუალების 47 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა.

დღესვე, ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის შედეგად უცხოელი მამაკაცი დაჭრეს. მედიის ცნობით, მიზეზი, მისი საყურე გახდა. ინციდენტი კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე მოხდა, რომელიც დღევანდელი ძალადობრივი მოვლენების ეპიცენტრიდან დაახლოებით 800 მეტრში მდებარეობს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ მამაკაცი ტურისტი იყო და თავდამსხმელებს ის ჰომოსექსუალი ეგონათ. მედიის ინფორმაციით, იგი, სავარაუდოდ, ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ დანით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქეა დაკავებული. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ უკან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისივე შეფასებით, „რადიკალური ოპოზიცია“ დგას. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დედაქალაქის ქუჩებში ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მოწყობილი მასობრივი არეულობის ფონზე განაცხადა, რომ:„ „პრაიდის“ რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები“. „ის, რაც დღეს ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ „პრაიდის“ უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის – ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ისინი „პრაიდის“ ორგანიზატორებს ვითარების შესაძლო ესკალაციისა და აგრესიის შესახებ აფრთხილებდნენ.  

საქართველოში მყოფმა 20-მდე დიპლომატიურმა მისიამ ერთობლივი განცხადებით დაგმო ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და სამოქალაქო მოძრაობების ოფისების დარბევა. „ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას,“ ნათქვამია განცხადებაში.

ძალადობა დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, „მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას!“

დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო პროცესების ეფექტიანად მართვა და სათანადო რაოდენობის საპოლიციო ძალის მობილიზება, რამაც დამატებით შეუწყო ხელი პროცესების გამწვავებას“. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ განცხადებით, „სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას, რის გამოც პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებს დაანონსებული მშვიდობიანი შეკრების გადადება მოუხდათ“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, „ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების მიერ არაერთი მუქარის შემცველი განცხადება გავრცელდა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არაეფექტურია“. ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა გამოუცხადა „სრული სოლიდარობა ყველა ადამიანს, რომელიც დღეს დაშავდა და რომელმაც საკუთარი გამოხატვის უფლება ვერ გამოიყენა.“

„ღირსების მარშის“ ჩაშლის მიზნით ულტრამემარჯვენე და კრემლთან დაახლოებულმა ჯგუფებმა თბილისის ცენტრში მობილიზება გუშინდელი დღიდან დაიწყეს. ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ რუსთაველის მეტროს მახლობლად კარვები გაშალა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, რომელიც ასევე შენიშნეს რუსთაველის გამზირზე, დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე უარესად მიიჩნევს. მისი თქმით, საქართველო მაინც დაიბრუნებს კონტროლს ამ რეგიონებზე, ხოლო პრაიდი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქართველი ხალხის მორალს, სულიერებასა და ტრადიციებს.

The text on this page and the photograph are licensed under a Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported License.
Please note: this disclaimer can not be widened to cover other materials on the site.
Creative Commons License

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.