ძვირფასო მეგობრებო,

2020 ძალიან მძიმე და ტრაგიკული წელი იყო.
ბევრმა ჩვენგანმა უმძიმესი დანაკარგი განიცადა. ეს წელი იყო საზარელი, ტრაგიკული ბიძგი ჩვენს ღირებულებებთან დაბრუნებისთვის და იმის გადასააზრებლად, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

კოვიდ-19 – თან დაკავშირებულ კრიზისს მალევე მოჰყვა საქართველოს უახლოეს მეზობლებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ათასობით ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ადამიანს მოუწია დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და ეწვნიათ ომის საშინელება – კიდევ ერთხელ, ომმა უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს რეგიონსა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება, წნეხის ქვეშ ამყოფებს ჩვენს ისედაც მყიფე ინსტიტუციებს და გაურკვევლობის ბურუსში აქცევს ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიას.

ამ კრიზისების საპასუხოდ ჩვენ კიდევ უფრო ვკონცეტრირდით – გადავწყვიტეთ არა დანებება იმის გამო, რომ პროექტები გეგმის მიხედვით ვერ ჩატარდებოდა, არამედ ახალ სიტუაციაზე მორგება. ჩვენი დრო და ძალისხმევა მოვახმარეთ ციფრული გარემოს შექმნას, რომელზეც წვდომა აქვს ყველას და ყველგან. ჩვენი მეგობრების დახმარებით შევძელით ხმა მიგვეწვდინა საქართველოს ყველაზე შორეულ კუთხებშიც კი.

იმისათვის, რომ მხარი დაგვეჭირა ჩვენი მეგობრებისთვის და შეგვექმნა ახალი შესაძლებლობები, ვუმასპინძლეთ ვირტუალურ ტრენინგებს, ვებინარებს, გავუზიარეთ ჩვენს მსმენლებს შესაბამისი ცოდნა და ერთმანეთთან დავაკავშირეთ ადამიანები საუკეთესო გამოცდილებების გასაზიარებლად. მოვახერხეთ ეფექტურად გამოგვეყენებინა სოციალური მედიისა და დისტანციური სწავლების ძალა. ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას ახალი და უნიკალური გზები ჩართულობისთვის, შევქმენით ახალი შესაძლებლობები. სოციალურმა მედიამ და თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებმა შესაძლებლობა მოგვცა ჩაგვეტარებინა პროექტები, რომელთა სამიზნეც უშუალოდ პატარა, ადგილობრივი თემები გახდა. ჩვენ მიერ შექმნილმა მეთოდოლოგიამ – EGI-ის ჩართულობის სქემამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა და ეფექტიანობა.

ეს ზუსტად ის არის, რაც ევროპულ-ქართულ ინსტიტუტში ძალიან მიყვარს- ჩვენი უნარი ცვალებად გარემოზე მორგებისა და შესაძლებლობების შექმნის, გაძლიერებისა და ჩართულობის.

ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებთ იმედს უკეთესი მომავლისთვის.
შობა მარადიული იმედის სიმბოლოა, შობა თავად არის იმედი.
და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ გადავლახოთ 2020-ის დანაკლისები და გამოწვევები და მივეგებოთ ახალ 2021 წელს უკეთესი მომავლის იმედით.
მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა – ორგანიზაციებსა თუ კონკრეტულ ადამიანებს, ვინაიდან თქვენი მხარდაჭერის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევდით ყველაფერს, რაც დღევანდლამდე მოვახერხეთ. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და ვაფასებთ თქვენს მეგობრობას კიდევ უფრო მეტად.

გილოცავთ შობას და გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს !
ვიმედოვნოთ, რომ 2021 გაცილებით უკეთესი იქნება!

გიორგი მელაშვილი
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.