29-30 სექტემბერს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის, ფრიდრის ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისისა და სტრატეგიული დიალოგის ცენტრის ორგანიზებით შავი ზღვის რეგიონის მომავლის კონფერენცია გაიმართა. ის ორი დღე გაგრძელდა. პირველ დღეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონის გამოწვევები და პერსპექტივები. მეორე დღეს კი კონფერენციის მენტორობის პროგრამის მონაწილე ახალგაზრდა მკვლევარებმა წარადგინეს საკუთარი ნაშრომები – თვალსაზრისის ფურცლები. გარდა ამისა, მეორე დღეს გაიმართა ონლაინ ინტერვიუ საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩ იან კელისთან.
დღე 1 – ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები
პირველ დღეს კონფერენციის მონაწილე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების გამოწვევები და პერსპექტივები. წარმოდგენილი იყო შემდეგი ოთხი პანელი:
შავი ზღვის რეგიონი ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში – თენგიზ ფხალაძე (მოდერატორი, საქართველო), ხელგერ გრონვილდი (ნიდერლანდები), გიორგი ბადრიძე (საქართველო), ველიზარ შალამანოვი (ბულგარეთი), იოანის გრიგორიადისი (საბერძნეთი).
ველიზარ შალამანოვმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში არსებულ ინიციატივებზე უახლესი ისტორიიდან. მან გააანალიზა როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი ინიციატივები. შემდგომ მან განიხილა რეგიონული და საერთაშორისო მოთამაშეების პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში. ბატონმა გრონვილდმა ისაუბრა ნიდერლანდების ხედვებზე როგორც უშუალოდ ევროაკავშირთან მიმართებით, ისე ამ ქვეყნის მიდგომებზე შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით. იოანის გრიგორიადისმა განიხილა გერმანიისა და აშშ-ის აქტივობა შავი ზღვის რეგიონში. რაც შეეხება გიორგი ბადრიძეს, მან მიმოიხილა ასოცირების ტრიოს – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნების პერსპექტივები და მიღწევები ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმოხილულ იქნა ისეთი თემები,როგორიცაა რუსეთის შეკავების აუცილებლობა, დასავლელი პოლიტიოსების ნაწილის კავშირები და ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და გერმანიის 2021 წლის არჩევნების შედეგების შესაძლო გავლენა ბერლინის დამოკიდებულებაზე საქართველოსა და უკრაინის ნატოს პერსპექტივებისადმი.
ევროკავშრისა და ნატოს პოლიტიკა რეგიონში – გიორგი მელაშვილი (მოდერატორი, საქართველო), ჯონ დიპირო (აშშ), რომან იაკიჩი (სლოვენია), უილიამ თაუნსენდი (დიდი ბრიტანეთი), მარტინ ანგები (შვედეთი), ტონი ვან დერ თოგთი (ნიდერლანდები)
ბატონმა დიპირომ დაიწყო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე საუბარი და ყურადღება გაამახვილა მოქალაქის, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა მან ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის იმ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობაზე, რომელთაც ბევრი რამ აქვთ საერთო. ბატონმა თაუნდსენდმა დისკუსია გააგრძელა საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე ლიბერალების გაძლიერების კუთხით. მან ყურადღება გაამახვილა გერმანიის თავისუფალი დემოკრატების წარმატებაზე, როგორც ინსპირაციაზე სხვა ლიბერალებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა კომპრომისის იდეის მნიშვნელობას. მან განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს დასავლეთი აკვირდება და მხედველობაში მიიღებს ორივე მხარის მიდგომებსა და ქმედებებს. რაც შეეხება მარტინ ანგების, მან ხაზი გაუსვა ინკლუზიურობის მნიშვნელობას დემოკრატიის ჭრილში, მან ისაუბრა ასევე თანასწორობის არსსა და მნიშვნელობაზეც, განსაკუთებით პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის კუთხით. ტონი ვან დერ თოგთი შეეხო ევროკავშირში ასოცირების ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ინტეგრაციის თემას. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობისა, ამ სამ ქვეყანას გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრი აქვს და რომ ჯერჯერობით წევრობაზე საუბარი ძალიან ადრეა. მისი თქმით არ ღირს გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა, რომ შესაძლოა სრულფასოვანმა ინტეგრაციამ ერთი თაობა მაინც გასტანოს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ღირებულებით თანხვედრაზე ევროკავშირთან. ტონი ვან დერ თოგთმა აღნიშნა, რომ ინტეგრაციის კუთხით კიდევ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება უკვე არსებული ინსტრუმენტების გამოყენებითაც. რაც შეეხება ბატონ იაკიჩს, მან ისაუბრა სლოვენიის, როგორც პატარა ქვეყნის მაგალითზე, რომელმაც შეძლო ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. კითხვა-პასუხის სესია ძირითადად შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა დასავლეთისთვის და ის გზები, რომლებითაც შესაძლოა ეს რეგიონი კიდევ უფრო დიდი ყურადღების ქვეშ მოექცეს.
დემოკრატიული განვითარება შავი ზღვის რეგიონში – შამილ შუგაევი (საქართველო, ოლექსი მელნიუკი (უკრაინა), ალექსი პეტრიაშვილი (საქართველო), იორდან ბოჟილოვი (ბულგარეთი), დიმიტრიოს ტრიანტაფილუ (საბერძნეთი)
მესამე პანელი გახსნა ბატონმა მელნიუკმა. მან ისაუბრა რეგიონში ორი მოდელის – დემოკრატიული და ავტორიტარული მოდელების დაპირისპირებაზე.მელნიუკმა ასევე ისაუბრა რეალობაზე, სადაც მომძლავრებული საფრთხეების გამო ხალხი უსაფრთხოების გამო უარს ამბობს თავისუფლებაზე, თუმცა ბოლოს კარგავს ორივეს. ის შეეხო უკრაინის როლსაც, მისი წარმატებას, როგორც რუსეთში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ ფაქტორს. ოლექსი მელნიუკმა ასევე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში იმ ქვეყნების კოოპერაციის მნიშვნელობაზე, რომელთაც ერთმანეთში ბევრი საერთო აქვთ და ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ყირიმის პლატფორმას. დიმიტრიოს ტრიანტაფილუმ განიხილა თურქეთის როლი და მისი თვით-იდენტიფიცირების მნიშვნელობა, რომელიც მნიშვნელოვანია თურქეთის რეგიონული როლის განსაზღვრისთვის. ბატონმა ბოჟილოვმა მიმოიხილა დემოკრატიისა და უსაფრთხოების ურთიერთკავშირი. მან განაცხადა, რომ უსაფრთხოება განხილული არ უნდა იყოს მხოლოდ ფიზიკურ-გეოგრაფიული კუთხით და რომ საჭიროა მისი უფრო ფართო გაგებით აღქმა. მან ხაზი გაუსვა მედეგობის მნიშვნელობას – დემოკრატიის მედეგობას, რაც გულისხმობს ძლიერი ინსტიტუტების შენებასა და ხალხის რწმენის შექმნას ამ ინსტიტუტებისადმი. ბატონი პეტრიაშვილი შეეხო საქართველოს საშინაო გამოწვევებს, რომლებიც უარყოფითად აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე – მან ისაუბრა ქართული ოცნების მანევრებზე, რომლებიც, ქმნიდა ილუზიას, რომ ქვეყანა პრო-დასავლურ გზას ადგა, თუმცა რეალურად ამ ნაბიჯების შედეგად ქვეყანა აცდა დასავლურ პრიორიტეტებს და ახლოს მივიდა იმ ზღვართან, სადაც ისევ რუსეთის უკანა ეზოს ნაწილად შეიძლება იქცეს. მან ხაზი გაუსვა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ჩავარდნის ფაქტებს – კონკრეტულად კი ახსენა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ნამახვანჰესი.
დღე 2 – თვალსაზრისის ფურცლების პრეზენტაცია და ინტერვიუ იან კელისთან
მეორე დღეს გაიმართა შავი ზღვის რეგიონის მომავლის კონფერენციის მენტორობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი თვალსაზრისის ფურცლების პრეზენტაცია. წარმოდგენილ იქნა შემდეგი თემები:
პირველი პანელი
- სტამბულის არხი
- რუსული ოკუპაცია – ეკონომიკური განვითარების წინაღობა
- საქართველოს სამხედრო სისტემა
- ტერორიზმი და საქართველო
მეორე პანელი
- საქართველოს უშიშროების პოლიტიკა – გამოწვევები
- საქართველო და ჩრდილოეთ კავკასია
- ჰიბრიდული ომი შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში
- ანაკლიის პორტი
დღის ბოლოს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტის – გიორგი მელაშვილმა ონლაინ ინტერვიუ გამართა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩ – იან კელისთან. ინტერვიუს ფარგლებში განხილულ იქნა საქართველო შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში, მისი გამოწვევები და პერსპექტივები. ბოლოს იან კელიმ მიმართა აუდიტორიას – ახალგაზრდა ლიდერებს და მოუწოდა მათ მეტი აქტიურობისკენ ქართული დემოკრატიის შენების პროცესში.