29-30 სექტემბერს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის, ფრიდრის ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისისა და სტრატეგიული დიალოგის ცენტრის ორგანიზებით შავი ზღვის რეგიონის მომავლის კონფერენცია გაიმართა. ის ორი დღე გაგრძელდა. პირველ დღეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონის გამოწვევები და პერსპექტივები. მეორე დღეს კი კონფერენციის მენტორობის პროგრამის მონაწილე ახალგაზრდა მკვლევარებმა წარადგინეს საკუთარი ნაშრომები – თვალსაზრისის ფურცლები. გარდა ამისა, მეორე დღეს გაიმართა ონლაინ ინტერვიუ საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩ იან კელისთან.

პირველ დღეს კონფერენციის მონაწილე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების გამოწვევები და პერსპექტივები.

დემოკრატიული განვითარება შავი ზღვის რეგიონში (პანელი 3) – შამილ შუგაევი (საქართველო, ოლექსი მელნიუკი (უკრაინა), ალექსი პეტრიაშვილი (საქართველო), იორდან ბოჟილოვი (ბულგარეთი), დიმიტრიოს ტრიანტაფილუ (საბერძნეთი)

მესამე პანელი გახსნა ბატონმა მელნიუკმა. მან ისაუბრა რეგიონში ორი მოდელის – დემოკრატიული და ავტორიტარული მოდელების დაპირისპირებაზე.მელნიუკმა ასევე ისაუბრა რეალობაზე, სადაც მომძლავრებული საფრთხეების გამო ხალხი უსაფრთხოების გამო უარს ამბობს თავისუფლებაზე, თუმცა ბოლოს კარგავს ორივეს. ის შეეხო უკრაინის როლსაც, მისი წარმატებას, როგორც რუსეთში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ ფაქტორს. ოლექსი მელნიუკმა ასევე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში იმ ქვეყნების კოოპერაციის მნიშვნელობაზე, რომელთაც ერთმანეთში ბევრი საერთო აქვთ და ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ყირიმის პლატფორმას. დიმიტრიოს ტრიანტაფილუმ განიხილა თურქეთის როლი და მისი თვით-იდენტიფიცირების მნიშვნელობა, რომელიც მნიშვნელოვანია თურქეთის რეგიონული როლის განსაზღვრისთვის. ბატონმა ბოჟილოვმა მიმოიხილა დემოკრატიისა და უსაფრთხოების ურთიერთკავშირი. მან განაცხადა, რომ უსაფრთხოება განხილული არ უნდა იყოს მხოლოდ ფიზიკურ-გეოგრაფიული კუთხით და რომ საჭიროა მისი უფრო ფართო გაგებით აღქმა. მან ხაზი გაუსვა მედეგობის მნიშვნელობას – დემოკრატიის მედეგობას, რაც გულისხმობს ძლიერი ინსტიტუტების შენებასა და ხალხის რწმენის შექმნას ამ ინსტიტუტებისადმი. ბატონი პეტრიაშვილი შეეხო საქართველოს საშინაო გამოწვევებს, რომლებიც უარყოფითად აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე – მან ისაუბრა ქართული ოცნების მანევრებზე, რომლებიც, ქმნიდა ილუზიას, რომ ქვეყანა პრო-დასავლურ გზას ადგა, თუმცა რეალურად ამ ნაბიჯების შედეგად ქვეყანა აცდა დასავლურ პრიორიტეტებს და ახლოს მივიდა იმ ზღვართან, სადაც ისევ რუსეთის უკანა ეზოს ნაწილად შეიძლება იქცეს. მან ხაზი გაუსვა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ჩავარდნის ფაქტებს – კონკრეტულად კი ახსენა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ნამახვანჰესი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.