29-30 სექტემბერს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის, ფრიდრის ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისისა და სტრატეგიული დიალოგის ცენტრის ორგანიზებით შავი ზღვის რეგიონის მომავლის კონფერენცია გაიმართა. ის ორი დღე გაგრძელდა. პირველ დღეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონის გამოწვევები და პერსპექტივები. მეორე დღეს კი კონფერენციის მენტორობის პროგრამის მონაწილე ახალგაზრდა მკვლევარებმა წარადგინეს საკუთარი ნაშრომები – თვალსაზრისის ფურცლები. გარდა ამისა, მეორე დღეს გაიმართა ონლაინ ინტერვიუ საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩ იან კელისთან.
ინტერვიუს მიმდინარეობისას იან კელი არაერთ საკითხს შეეხო. მან ისაუბრა არსებულ რეალობაზე მსოფლიოში, სადაც აშშ-ს და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს ავტორიტარულ რეჟიმებთან გამკლავება უხდებათ და ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. ის ასევე შეეხო საქართველოს როლს ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით. მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ავღანეთში საერთაშორისო კოალიციამ მისია დაასრულა, სადაც საქართველოს როლი და წვლილი იყო ძალიან დიდი, საქართველომ უნდა მონახოს რაიმე გზა, რომ განაგრძოს ნატოსთან ერთად ოპერირება და რომ ეს შესაძლებელია შავი ზღვის რეგიონში უფრო ინტენსიური თანამშრომლობის გზით. იან კელი შეეხო ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ არსებულ სიტუაციასაც, სადაც დასავლეთის პასიურობის ფონზე რუსეთი ძალიან აქტიურობდა. მისი შეფასებით რეგიონში დასავლეთი მარგინალიზდა და სრულიად გათიშულია არსებული კონფლიქტების გადაჭრის პროცესიდან, თუ არ ჩავთვლით მინსკის ჯგუფის არსებობას. მან შეაფასა პუტინის რეჟიმიც და აღნიშნა, რომ იგი ცდილობს გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში ასევე განიხილა შავი ზღვის აუზში თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს როლი ამ პროცესში. ბოლოს მან მიმართა კონფერენციის დამსწრეებს, ახალგაზრდა ლიდერებს და მისცა გარკვეული რჩევები, განსაკუთრებით კონკრეტულ რეგიონზე სპეციალიზირებისა და ენების სწავლის კუთხით, რათა როგორც პროფესიონალი დიპლომატები, გამოადგნენ საკუთარ ქვეყანას. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, მისი აზრით, დიპლომატის ერთ-ერთ მთავარ თვისებას – ჰქონდეს მოსმენის უნარი, რათა ჰქონდეს არამხოლოდ რაიმეს თქმის, არამედ კონტექსტის აღქმის და შეცნობის უნარიც.
სრული ინტერვიუ იხილეთ ბმულზე: https://fb.watch/8rVUSD_u0p/