29-30 სექტემბერს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის, ფრიდრის ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისისა და სტრატეგიული დიალოგის ცენტრის ორგანიზებით შავი ზღვის რეგიონის მომავლის კონფერენცია გაიმართა. ის ორი დღე გაგრძელდა. პირველ დღეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონის გამოწვევები და პერსპექტივები. მეორე დღეს კი კონფერენციის მენტორობის პროგრამის მონაწილე ახალგაზრდა მკვლევარებმა წარადგინეს საკუთარი ნაშრომები – თვალსაზრისის ფურცლები. გარდა ამისა, მეორე დღეს გაიმართა ონლაინ ინტერვიუ საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩ იან კელისთან.
პირველ დღეს კონფერენციის მონაწილე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების გამოწვევები და პერსპექტივები. წარმოდგენილი იყო შემდეგი ოთხი პანელი:
შავი ზღვის რეგიონი ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში (პანელი 1) – თენგიზ ფხალაძე (მოდერატორი, საქართველო), ხელგერ გრონვილდი (ნიდერლანდები), გიორგი ბადრიძე (საქართველო), ველიზარ შალამანოვი (ბულგარეთი), იოანის გრიგორიადისი (საბერძნეთი).
ველიზარ შალამანოვმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში არსებულ ინიციატივებზე უახლესი ისტორიიდან. მან გააანალიზა როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი ინიციატივები. შემდგომ მან განიხილა რეგიონული და საერთაშორისო მოთამაშეების პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში. ბატონმა გრონვილდმა ისაუბრა ნიდერლანდების ხედვებზე როგორც უშუალოდ ევროაკავშირთან მიმართებით, ისე ამ ქვეყნის მიდგომებზე შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით. იოანის გრიგორიადისმა განიხილა გერმანიისა და აშშ-ის აქტივობა შავი ზღვის რეგიონში. რაც შეეხება გიორგი ბადრიძეს, მან მიმოიხილა ასოცირების ტრიოს – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნების პერსპექტივები და მიღწევები ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმოხილულ იქნა ისეთი თემები,როგორიცაა რუსეთის შეკავების აუცილებლობა, დასავლელი პოლიტიოსების ნაწილის კავშირები და ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და გერმანიის 2021 წლის არჩევნების შედეგების შესაძლო გავლენა ბერლინის დამოკიდებულებაზე საქართველოსა და უკრაინის ნატოს პერსპექტივებისადმი.