29 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით თბილისმა ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) ყოველწლიურ ღონისძიებას – SILC მსოფლიო სემინარს უმასპინძლა. სემინარს ესწრებოდნენ SILC-ისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პარტნიორი ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნიდან. კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, ეს იყო პირველი მსოფლიო სემინარი, რომელიც SILC-მა პირისპირ ჩაატარა.

ლენარტ ნორდფორსი

სემინარის მიზანი გარემოს დაცვის სფეროში ლიბერალური პარტიებისა და ორგანიზაციების კოორდინაციის გაუმჯობესება და მათ შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა იყო. სემინარის ფარგლებში განხილვის მთავარ თემას ორგანიზაციების მიერ შემუშავებული მიდგომები და მათი რეალობაში განხორციელების გზები წარმოადგენდა.
სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს SILC-ის თავმჯდომარემ ლენარტ ნორდფორსმა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარემ გიორგი მელაშვილმა. მათ გარემოს დაცვის მნიშნველობასა და ამ საკითხთან დაკავშირებით ლიბერალურ ხედვაზე ისაუბრეს.
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მათ ქვეყნებში არსებული ეკოლოგიური პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და ამ კუთხით განხორციელებული აქტივობები გააცნეს. თითოეული ქვეყნის გამოცდილების პრეზენტირების შემდეგ კითხვა-პასუხის ფორმატში მონაწილეებმა დისკუსია გამართეს.

„ჩვენი განვიხილეთ გარემოს დაცვითი პრობლემები, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყნებში და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების როლი ამ საკითხების აქტუალიზაციასა და გადაჭრაში. ჩვენი მოხსენებისას მე და ჩემმა კოლეგამ განვიხილეთ სომხეთსა და საქართველოში ნარჩენების მართვის საკითხი, მსგავსები და განსხვავებები.“
ლილიტ ტატინციანი
Sose Women’s Issues NGO“

ამასთან ერთად, მკვლევარი ქეთი სართანია დამსწრეებს საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ ესაუბრა. მონაწილეებმა საქართველოს ისტორიაზე დამოუკიდებლობის აღდგენიდან (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ) თანამედროვეობამდე დეტალური ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

სემინარის პირველ დღეს მსოფლიოს გარშემო ლიბერალიზმის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საუბარი შეეხო სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და იმ შესაძლო მიდგომებს, რომლებიც ლიბერალიზმის შემდგომ გაძლიერებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

სემინარის მეორე დღეს, ქართველმა გარემოს დამცველმა და სამოქალაქო აქტივისტმა, ირმა გორდელაძემ გარემოს დაცვის კუთხით საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკოლოგიურ პრობლემებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

აღინიშნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაწეული საქმიანობის, სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა და მიღწეული შედეგები. ირმა გორდელაძემ ხაზი გაუსვა ულტრა-მემარჯვენე ძალების უარყოფით როლს საქართველოში გარემოს დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და ეფექტურად განხორციელების პროცესში.

სემინარის მონაწილეებმა მოინახულეს ქალაქი მცხეთა, სადაც გაეცნენ ქართულ კულტურასა და ისტორიას. ასევე მონაწილეობა მიიღეს კულინარიულ აქტივობებში. დაესწრნენ თბილისობას, დაათვალიერეს თბილისის ისტორიული ნაწილი დამოინახულეს სხვადასხვა ისტორიული ძეგლი.

სემინარი ევროპულ-ქართულ ინსტიტუტსა და SILC-ს შორის მაღალი დონის თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

სემინარმა ხელი შეუწყო როგორც გარემოს დაცვის მიმართულებით მონაწილეების ცნობიერების ამაღლებას, ასევე სხვადასხვა ქვეყნების ლიბერალურ პარტიებსა და ორგანიზაციებს შორის შეხედულებების მიმოცვლას, მათ შორის კავშირების გაღრმავებასა და კოორდინაციის გაძლიერებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.